1921 წელს საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებით განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად ტერმინოლოგიური საკითხების მოგვარებაც მიენდო. საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილი. საბჭოს მიზანი იყო სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიურ სალექსიკონო მასალაზე მუშაობა, ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავება, დამოკიდებულების შეცვლა უცხო ენებიდან მომდინარე სიტყვების მიმართ.
1925 წელს სამეცნიერო საბჭო გადაკეთდა განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოსთან არსებულ ცენტრალურ სამეცნიერო ტერმინოლოგიურ კომიტეტად. კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ვუკოლ ბერიძე. ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტი მეცნიერებისა და ტექნიკის ძირითადი დარგების შესაბამისად იყოფოდა საზოგადოებათმცოდნეობის, ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ტექნიკურ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა და პედაგოგიური ხელოვნების სექციებად. ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა დიდი კოლექტივი, მათ შორის ა. ჯანელიძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. დიდებულიძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, გ. გედევანიშვილი, ვ. ყიფშიძე, ვ. კუპრაძე… და სხვ. 1932-36 წლებში კომიტეტის სწავლული მდივანი იყო არნ. ჩიქობავა. ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტს შემუშავებული ჰქონდა დებულება მასალის ამოწერისა და მოგროვებისა. კომიტეტის მიერ იმ დროისათვის დამუშავებული ლექსიკონები სწორედ ამ დებულების გათვალისწინებით იყო შედგენილი.
1936 წელს ცენტრალური სატერმინოლოგიო კომიტეტი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა. 1939 წელს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება შეუერთდა ლექსიკოლოგიის განყოფილებას, რომელსაც ვ. თოფურია ხელმძღვანელობდა.
1941 წელს, მეცნიერებათა აკადემიის შექმნის დღიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება, ლექსიკოლოგიის განყოფილებასთან ერთად, ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემადგენლობაში შევიდა. 1943 წლიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება კვლავ გამოეყო ლექსიკოლოგიის განყოფილებას და მის ხელმძღვანელად დაინიშნა ვუკოლ ბერიძე.
ტერმინოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობდნენ ენათმეცნიერები, ხოლო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს იწვევდნენ გარკვეული ორგანიზაციებიდან იმისდა მიხედვით, თუ რა დარგის ტერმინოლოგია მუშავდებოდა. ტერმინოლოგიურ განყოფილებაში მომზადდა ენთმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული ორი კრებსითი ლექსიკონი (სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია 1959 წ. და ტექნიკური ტერმინოლოგიები 1957 და 1977 წლის გამოცემები.).
გამოცემულია ვაჭრობის, ეკონომიკის, საქონელმცოდნეობის, ზოოლოგიის, სილიკატების, ქიმიისა და ტექნოლოგიის, პოლიგრაფიის, ნავთობის მრეწველობისა და შუქტექნიკის, სამშენებლო, ნიადაგმცოდნეობის, ტექნიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონები.
1954 წლიდან დღემდე ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რ. ღამბაშიძე, პროფ. ნ. ქემერტელიძე, ი. ჯიბუტი. სხვადასხვა დროს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში მუშაობდნენ ს. იორდანიშვილი, პ. ხუბუტია, თ. ქიქოძე, რ. ჩუბინაშვილი, ე. ქავთარაძე, ლ. ნადარეიშვილი, ლ. კაიშაური, გ. სიხარულიძე, ა. ონიანი, დ. აბულაძე, ნ. ჯალაბაძე, ლ. ბერიაშვილი, მ. ოსაძე, ნ. მუზაშვილი, ნ. დათეშიძე, მ. ჯანდაგაშვილი, თ. კაციტაძე, ლ. ჭელიძე, რ. ჩხენკელი.
განყოფილების თანამშრომელთაგან სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს: ლ.გელენიძემ ”ადამიანის ანატომიასთან და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა ძველ ქართულში”, თბ. 1971; თ.სალარიძემ ”ალგეთის ხეობის ქართლური”, თბ. 1974; რ. ჩხენკელმა – ”ქართული ხალხური სამშენებლო ლექსიკა, როგორც საფუძველი ამავე დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიისათვის”, თბ. 1988; მ. ოსიძემ – ”თვისების აღმნიშვნელ უცხო წარმომავლობის ტერმინთა მორფოლოგიური გაფორმების საკითხები ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში”. თბ. 1988; ნ. ქემერტელიძემ – ”პრედიკატული ეპითეტის ლინგვო ეპითეტური მექანიზმი”, 1995; ნ.მუზაშვილმა – ”ნასახელარი ზმნები ძველ ქართულში”, 1993; რ. ღამბაშიძემ – ”ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები”. მანვე 1988 წელს გამოაქვეყნა ”ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი”.
ლექსიკოგრაფიული მუშაობის პარალელურად განყოფილება ასრულებს დიდ საკონსულტაციო სამუშაოებს. კერძოდ, განყოფილების თანამშრომლები სისტემატიურად ეხმარებიან დაწესებულებებსა და კერძო პირებს ახალი ცნებების შესატყვისი ტერმინების დადგენასა და უკვე შემუშავებული ტერმინების დაზუსტებაში. ამგვარი წესით განხილვისთვის განყოფილებაში წარმოდგენილია ასობით და ათასობით ტერმინი. თანამშრომლებს უხდებათ არა მხოლოდ ცალკეულ ტერმინთა ზუსტი ქართული შესატყვისების მოძიება და შექმნა, არამედ ნაირგვარი ტექსტის (სახელმწიფო თუ რესპუბლიკური სტანდარტები, სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ბლანკებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის) ქართულად თარგმნა.
სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობენ საინსტიტუტო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო-სამეცნიერო სესიებსა თუ კონფერენციებში.
2006 წელს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას შეუერთდა თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება, რომელიც 1957 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ლომთათიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა. განყოფილებას ამოცანად დაესახა თარგმნითი ლექსიკოგრაფიის დარგში სათანადო სპეციალისტების მომზადება და ორენოვანი ლექსიკონების შედგენა. თავდაპირველად განყოფილება რვა თანამშრომლისაგან შედგებოდა: ნინო საყვარელიძე, რუსუდან გაგუა, ნინო ვაჩნაძე, ლია კაიშაური და მარიამ ნედოსპასოვა, ლატავრა ღვალაძე, მაკა დგებუაძე, მზია მრევლიშვილი, ალექსანდრე კობახიძე.
ახალშექმნილი განყოფილების თანამშრომლები ჩაებნენ რუსულ_ქართული ლექსიკონის II III ტომების კორექტურის სწორებაში (ლექსიკონის II ტომი გამოვიდა 1958 წ, ხოლო III ტომი 1959 წ.) ამის შემდეგ დაისახა განყოფილების მუშაობის პერსპექტიული გეგმები.
განყოფილებას დაევალა რუსულ ქართული სამტომეული ლექსიკონის ბაზაზე დაემუშავებინა და შეედგინა დაახლოებით 50 ათასი სიტყვის შემცველი ერთტომეული რუსულ ქართული ლექსიკონი. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიაში შევიდნენ აკად. ქ. ლომთათიძე, (სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები: რ. გაგუა, ნ. ვაჩნაძე, ლ. კაიშაური, მ. მრევლიშვილი, ნ. საყვარელიძე. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ განიხილა და დაამტკიცა ლექსიკონის შედგენის ინსტრუქცია.
განყოფილება მუშაობდა რუსულ ქართული და ქართულ რუსული ლექსიკონების საილუსტრაციო ფონდების შექმნაზე. ამ ფონდების მასალა ამოწერილია: 1) რუს მწერალთა თხზულებებიდან და ამ თხზულებათა ქართული თარგმანებიდან და 2) ქართველ მწერალთა თხზულებებიდან და ამ თხზულებათა რუსული თარგმანებიდან. განყოფილებამ შებრუნებით ამოწერა ცალკე ბარათებზე თბილისის უნივერსიტეტის მიერ 1937 წ. გამოცემული სამტომეული რუსულ-ქართული ლექსიკონი. 1976 წ. ლექსიკონი გადაეცა გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველოს”. ობიექტური მიზეზების გამო იგი მხოლოდ 1983 წელს გამოვიდა.
ერთტომეული რუსულ ქართული ლექსიკონის შედგენისთანავე დაიწყო სამზადისი ქართულ რუსული ლექსიკონის შესადგენად. ლექსიკონის შედგენა დაევალათ ნ. ვაჩნაძეს, ნ. გვარამაძეს, ლ. კაიშაურს, ა. კობახიძეს, ც. ლორთქიფანიძეს, ნ. მირიანაშვილს, მ. მრევლიშვილს, ნ. საყვარელიძეს, ლ. შაბალინას. ქართულ_რუსული ლექსიკონის შედგენასთან ერთად განყოფილებამ მოამზადა ვრცელი რუსულ ქართული ლექსიკონი.
თარგმნითი საქმიანობის პარალელურად განყოფილების თანამშრომლებმა ნ. ვაჩნაძემ და ნ. მირიანაშვილმა გამოაქვეყნეს მონოგრაფიები: ნ. ვაჩნაძემ ”ზოგიერთი რუსული პრევერბიანი ზმნის ქართულად გადმოცემის საშუალებანი” (რუსულ ქართული ლექსიკონების მიხედვით), 1980 წელს კი ნ. მირიანაშვილმა ”ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში”.
2009 წელს სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების გამგედ აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე.
2009 წლის ოქტომბერში განყოფილებაში სამეცნიერო თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
ნათელა მუზაშვილი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მარინე ოსაძე
მაია აბალაკი
მეცნიერი თანამშრომელი
ინგა ჯიბუტი
ნინო დათეშიძე
ნათელა მირიანაშვილი
ხურცილავა ანა
ეთერ საბანაძე
ლალი ხუჭუა
მზია მრევლიშვილი