1953 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილება. 1966 წელს იგი გარდაიქმნა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებად. ეს უჯრედი შეიქმნა როგორც სამუშაო ბაზა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიისა (1953 წ.).
განყოფილების მიერ მომზადებული ნორმათა პროექტები განსახილველად წარედგინებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც მოწონების შემთხვევაში მათ დასამტკიცებლად გადასცემდა სამთავრობო კომისიას. სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ ნორმას კანონის ძალა ენიჭებოდა და სავალდებულო ხდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ყველა მომხმარებლისათვის.
1953-1982 წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდა ივანე გიგინეიშვილი, ხოლო 1982-2006 წლებში – შუქია აფრიდონიძე. 2006 წლის დამლევს კონკურსის წესით განყოფილების ხელმძღვანელად არჩეულ იქნა თამარ ვაშაკიძე.
სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ: ნინო აბესაძე, ლია ლეჟავა, გიორგი შალამბერიძე, კლარა გაგუა, თამარ გვერდწითელი, თამარ ზურაბიშვილი, ვიოლა კალანდაძე, ცირა კალაძე, მარინე კერესელიძე, ვახტანგ მაღრაძე, ასმათ პაპიძე, მანანა ტაბიძე, თინათინ ღვინაძე, მანანა შალამბერიძე, მერი შინჯიაშვილი, ნელი ცქიტიშვილი, ნინო ჯორბენაძე.
ივ. გიგინეიშვილის მიერ მომზადდა და 1970 წელს მისივე რედაქტორობით გამოიცა “თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები” (კრებული პირველი), რომელშიც შესულია ნორმათა დამდგენი სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები.
დამტკიცებული ნორმები მოგვიანებით ქვეყნდებოდა სპეციალურ ბიულეტენებში, რომლებიც საფუძვლად დაედო ნორმების ორ კრებულს.
ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დამკვიდრებას დიდად შეუწყო ხელი ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი ქართული ენის ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოცემამ (1968), რომელსაც წინ უსწრებდა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის სამი გამოცემა (1941, 1946, 1949). 1998 წელს გამოიცა ახალი, შევსებული და შესწორებული ლექსიკონი.
განყოფილება ამზადებდა და სერიულად გამოსცემდა კრებულს “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები”. აქ დაბეჭდილი სტატიების საფუძველზე ხდებოდა ნორმათა პროექტების შემუშავება. დღემდე გამოქვეყნებულია 12 წიგნი.
მეტყველების კულტურის განყოფილება აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის (ქსე) სამეცნიერო რედაქციასთან. ივ. გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სატრანსკრიფციო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სახელების დაწერილობა, არაქართულ სახელთა ქართულად გადმოცემის წესები. ამ მასალის საფუძველზე გამოიცა სათანადო ორთოგრაფიული ლექსიკონები:
1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შემდგენელი კონა გიგინეიშვილი), 1985;
2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ივ. გიგინეიშვილი და სხვ.), 1986;
3. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შ. აფრიდონიძისა და თ. ზურაბიშვილის რედაქტორობით), 1987;
4. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989;
5. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989.
განყოფილების თანამშრომლები რეგულარულად აქვეყნებდნენ სამეცნიერო-მეთოდიკურ წერილებს ჟურნალში ,,ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში’’, აქტიურად თანამშრომლობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ქართული ენის კაბინეტთან – „ქართული ენის საუნჯე”. მათი მონაწილეობით რედაქტირებულ იქნა სხვადასხვა სასკოლო სახელმძღვანელო.
განყოფილება ატარებდა ლექცია-სემინარებს, რომლებზედაც განიხილებოდა პრესაში გამოქვეყნებული მასალა და მათ საფუძველზე მუშავდებოდა რეკომენდაციები. განყოფილების თანამშრომლები ეწეოდნენ საკონსულტაციო მუშაობას სხვადასხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციასთან. ინსტიტუტის ზოგიერთ განყოფილებასთან თანამშრომლობით მუშავდებოდა რეკომენდაციები სამეცნიერო თუ ტექნიკური ტერმინების, სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ტრაფარეტებისა და მსგავსი მასალის ლიტერატურული ენის გასამართავად. ფუნქციონალური სტილისტიკის საკითხები განყოფილების მუდმივი მუშაობის სფეროს წარმოადგენდა (სამეცნიერო ლიტერატურის ენა, კერძოდ, საქმიანი სალიტერატურო ენა, მხატვრული ლიტერატურის ენა და სხვ.). განყოფილების თანამშრომელთა მონაწილეობით მომზადდა ”ჟურნალისტის სტილისტიკური ”ცნობარი (2002 წ).
განყოფილების თანამშრომლები ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობასაც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და საშუალო სკოლაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.
წლების განმავლობაში განყოფილების თანამშრომელთა მიერ შექმნილია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.
გამოიცა ”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი1’’ გამოსაცემად მომზადებულია ”პარონიმთა ლექსიკონი”, აგრეთვე ქართული სიტყვის კულტურის საკითხების ” XIII ტომი.
გამოსაცემად მზადდება ”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის II ტომი.
ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს თეორიული და პრაქტიკული მიმართულებით:
I. თეორიული კვლევა გულისხმობს თანამედროვე ენობრივი ვითარების ანალიზს, მაგალითად:
1. მასმედიის ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;
2. სახელმძღვანელოების ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;
3. დარგობრივი მეტა-ენები და ნორმობრივი რეკომენდაციები;
4. ორთოგრაფიული ვარიანტების შეფასებისა და ნორმად ჩამოყალიბების პრობლემები;
5. ტრანსკრიპფციისა და ტრანსლიტერაციის საკითხები გახშირებული ენობრივი კონტაქტების ვითარებაში;
6. ნასესხობათა საკითხი;
7. სტილისტიკის საკითხები;
8. ისეთი თეორიული საკითხების დამუშავება, როგორიცაა ახლადწარმოქმნილ ლექსიკურ ერთეულთა კუმშვა-კვეცის, მრავლობითი რიცხვის, საკუთარ სახელთა (უცხო ენებიდან შემოსული სახელების) დაწერის, ოფიციალური დოკუმენტების სტანდარტების დადგენის, თარგმნილი ინფორმაციის ქართულად გაწყობის, პოლიტიკური ტერმინოლოგიის, კანონთა ენის, საქმიანი ურთიერთობების ენის, ენობრივი ეტიკეტისა და სხვა პრობლემათა გააზრება და სტანდარტიზაცია;
9. ქართული ენის ნორმალიზაციის ისტორიის საკითხებზე მუშაობის გაგრძელება და სხვ.
თეორიული კვლევა წარმოადგენს ბაზას პრაქტიკული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ლექსიკონებისა თუ ცნობარებისათვის, რომლებიც დროულად და მართებულად დააკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას ენობრივ ნორმებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ამ ნორმების უნიფიკაციას, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება ქართული სამწიგნობრო ენის შესწავლისა და ფუნქციონიების მდიდარი ტრადიციები.
II. პრაქტიკული სამუშაოები:
1.სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
2. მუდმივგანახლებადი ორთოგრაფიული ლექსიკონის ელექტრონული და ბეჭდვითი ვერსიების მომზადება;
3. აბრევიაციათა ლექსიკონის მომზადება;
4. პირთა სახელების ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
5. პარონიმთა ლექსიკონის მომზადება;
6. სინტაგმათა ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება (მსგავსად ქსკს-ს VII ტომისა);
7.ლინგვისტური ექპერტიზის სამსახურის ამოქმედება (იგულისხმება ჟურნალისტიკის, კრიმინალისტიკისა თუ საკანონმდებლო სფეროებში წარმოქმნილი ენობრივი წინააღმდეგობები და ენობრივი კონფლიქტები) და ლინგვისტ-ექსპერტთა მომზადება;
8. ქართული სიტყვის კულტურის საკითხების მომდევნო ტომებზე მუშაობა და სხვ.
2018 წლის პირველი იანვრიდან ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში 7 თანამშრომელია:
დათუკიშვილი ქეთევან
ვაშაკიძე თამარ
ტეტელოშვილი თეა
ჯორბენაძე ნინო