გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე – მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.
ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედაენა.
ასევე ბუნებრივია სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენა” აკი ვიღაცისთვის დედაენაა.
რა თქმა უნდა, ვისაც თავისი ენა არ უყვარს, სხვისი ენის პატივისცემას ვერ დაიჩემებს, მისთვის ყველა ენა ერთია: ის კოსმოპოლიტია და არა – ინტერნაციონალისტი.
ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება.