მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა განყოფილება
ივანე ჯავახიშვილმა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდანვე (1918) ქართული ენათმეცნიერების უმნიშვნელოვანეს ამოცანად, ქართველურ ენათა კვლევასთან ერთად, მათი მონათესავე მთის კავკასიურ ენათა შესწავლა დასახა.
1924 წელს ”ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულის” წინასიტყვაობაში არნოლდ ჩიქობავა მთის კავკასიურ ენათა შესწავლის ამოცანებსა და მეთოდებზე ამახვილებდა ყურადღებას.
1933 წელს არნ.ჩიქობავას მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიურ ენათა კათედრისა და 1936 წელს ნ.მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში მთის კავკასიურ ენათა განყოფილების დაარსებით ამ ენათა შესწავლას სისტემატური და გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა. 1941 წელს აღნიშნული ინსტიტუტის საენათმეცნიერო განყოფილებათა ბაზაზე დაარსდა ენის ინსტიტუტი და მთის კავკასიურ ენათა განყოფილებას მთის იბერიულ- კავკასიურ ენათა განყოფილება ეწოდა. ენიმკი-ს შემადგენლობაში განყოფილების დაარსებიდანვე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ყველა ჯგუფი იყო შესწავლის საგანი: აფხაზურ-ჩერქეზულ ენებს იკვლევდნენ ს. ჯანაშია, ქ. ლომთათიძე, გ. როგავა, ნახურ ენებს – ა. შანიძე, თ. გონიაშვილი, ს. ჩხენკელი, დაღესტნურ ენებს – არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია, ვ. ფანჩვიძე. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ: დ. იმნაიშვილი (ინგუშური ენა), შ. გაფრინდაშვილი (დარგუული ენა), ე. ლომთაძე (კაპუჭური ენა), ი. ცერცვაძე (ხუნძური ენა), ე. ჯეირანიშვილი (უდიური ენა), ქ. მიქელაძე (ყაბარდოული ენა). მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საკვლევაძიებო მუშაობაში ჩაებნენ: ო. კახაძე (არჩიბული ენა, ლეზგიური ენები), ტ. გუდავა (ხუნძური ენა, ანდიური ენები), ა. მაჰომეტოვი (დარგუული, თაბასარანული, აღულური ენები), ზ. მაჰომედბეკოვა (ხუნძური, ახვახური, კარატაული ენები). განყოფილებაში სხვადასხვა დროს სამეცნიერო მუშაობას ეწეოდნენ: რ. გაგუა, გ. თოფურია, ზ. ჯაფარიძე, გ. ბურჭულაძე, რ. ჯანაშია, ნ. სტურუა, ი. ჯოლბორდი, ლ. ღვინჯილია, მ. ჩუხუა, თ. შარმანაშვილი, ე. ქადაგიძე, ვ. კიკილაშვილი, ტ.სიხარულიძე… 2007 წლის 1 იანვრისათვის განყოფილებაში მუშაობს ათი თანამშრომელი: მათგან ხუთი მეცნიერებათა დოქტორია (ნ. არდოტელი, თ. გვანცელაძე, ნ. მაჭავარიანი, რ. ფარეულიძე, ვ. შენგელია), ოთხი – მეცნიერებათა კანდიდატი (ლ. აზმაიფარაშვილი, კ. მითაგვარია, ლ. სანიკიძე, ბ. შავხელიშვილი), ერთი სამეცნიერო ხარისხის არმქონე (რ. ლოლუა).
სხვადასხვა წლებში განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ: 1941-1985 წლებში – აკად. არნ. ჩიქობავა, 1985-1987 წლებში -აკად. ქ. ლომთათიძე, 1987- 2006 წლებში – აკად.წევრ.-კორ. გ. თოფურია, 2006 წლიდან – ფილოლ.მეცნ. დოქტ. ვ. შენგელია. განყოფილება იკვლევდა და იკვლევს მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს, კერძოდ, ანალიზის საგანია აფხაზურ-ჩერქეზულ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ფონეტიკური სისტემა, გრამატიკული სტრუქტურა, ლექსიკა და ფრაზეოლოგია; ამასთან ერთად, შეისწავლება ამ ენების ქართველურ ენებთან ურთიერთობის საკითხები ენობრივი სისტემის ყველა დონეზე. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიების, კრებულების, სტატიების სახით, აგრეთვე, ასახულია მოხსენებებში, რომლებიც წაკითხულია ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო სესიებზე, კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე. ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომებზე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალობით დაცული აქვს ათობით ენათმეცნიერს (როგორც ქართველ, ისე უცხოელ სპეციალისტებს). უნდა აღინიშნოს, რომ 1938 წელს პირველი საკანდიდატო დისერტაცია (”ძირითად დროთა წარმოებისათვის აფხაზურში”) დაიცვა ქ. ლომთათიძემ; ასევე პირველი იყო მისი სადოქტორო დისერტაცია 1945 წელს (”აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი”). მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-საორგანიზაციო ღონისძიებათაგან უნდა აღინიშნოს სამი: 1. 1965 წლიდან ჯერ აკად. არნ.ჩიქობავასა და შემდეგ აკად. ქ. ლომთათიძის ხელმძღვანელობითა და განყოფილების თანამშრომელთა მონაწილეობით საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონალური სამეცნიერო სესიები (სულ ჩატარდა 13 სესია: ორ-ორჯერ – მაჰაჩყალაში, გროზნოში, ნალჩიკსა და მაიკოპში, თითოჯერ – თბილისში, სოხუმში, ჩერკესკში, კარაჩაევსკსა და ორჯონიკიძეში). 2. 1974 წლიდან თბილისში გამოდიოდა აკად. არნ. ჩიქობავას ინიციატივით დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ორგანო ”იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული” (1974 2003 წლებში გამოვიდა 22 ტომი), რომლის სარედაქციო კოლეგიაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, შედიან სპეციალისტები ჩრდილოეთ კავკასიიდან; ამ ორგანოს მომზადება ხდება განყოფილების ბაზაზე. 3. განყოფილების ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით 1987 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტი სისტემატურად ატარებს მემორიალურ სამეცნიერო სესიას ”არნოლდ ჩიქობავას საკითხავები” (უკვე ჩატარებულია 27 სამეცნიერო სესია).
2016 წლის პირველი იანვრისათვის განყოფილებაში (განყოფილების ხელმძღვანელის გარდა) 10 თანამშრომელია:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლები, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები- ნ.არდოტელი, ნ.მაჭავარიანი, რ. ფარეულიძე.
ბ) მეცნიერი თანამშრომლები – ლ.აზმაიფარაშვილი (ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი), მ.თეთრაძე (დოქტორანტი), დ.კაკაშვილი (დოქტორანტი), ლ.კელაურაძე (დოქტორანტი), რ.ლოლუა (აკადემიური დოქტორი), კ.მითაგვარია (ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი), ლ.სანიკიძე ( ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი).
განყოფილების ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფ. ვაჟა შენგელია.