შემდგენლები:
რედაქტორები:
წინასიტყვაობა
როგორც ცნობილია, ქართულ ენაზე არსებობს სამედიცინო ტერმინთა და ცნებათა ტერმინოლოგიური (ზ. მაისურაძე, 1947) და განმარტებითი (ს. აბაშიძე, ლ. აბაშიძე, 1973; რ. დგებუაძე, აბესაძე, 1988) ლექსიკონები. ამ ლექსიკონებმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშეს სამედიცინო აზროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ამჟამად ამ ლექსიკონებში მოცემული ტერმინების ერთი ნაწილი მოძველდა, სხვები კი საჭიროებენ ახლებურ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო ხანებში მედიცინაში დამკვიდრდა ახალი ტერმინები და ცნებები. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ასეთი ყაიდის ბოლო ნაშრომი (რ. დგებუაძე, აბესაძე) გამოიცა 21 წლის წინათ. ყველაფერმა ამან გაგვაბედინა შევჭიდებოდით ურთულეს პრობლემას, რასაც ჰქვია სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონის შექმნა. საქმე შედარებით გაგვიადვილა იმ გარემოებამაც, რომ ჩვენ გვქონდა დაახლოებით ასეთი ტიპის ლექსიკონების შექმნის გარკვეული გამოცდილება (1. ბიოლოგიურ და სამედიცინო ტერმინთა და ცნებათა მოკლე განმარტებითი ლექსიკონი. 2000. 2. ბიოლოგიურ და სამედიცინო ტერმინთა და ცნებათა განმარტებითი ლექსიკონი. 2005. 3. სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ქართულინგლისურრუსული განმარტებითი ლექსიკონი. 2008).
ამრიგად, წინამდებარე ლექსიკონის შექმნის ძირითადი მიზანი მდგომარეობს სამედიცინო ტერმინებისა და ცნებების სრულყოფასა და სტანდარტიზებაში. ლექსიკონში შეტანილი გვაქვს ის სიტყვები, სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო და სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის ლიტერატურაში. გარდა სპეციფიკური სამედიცინო ტერმინებისა და ცნებებისა, ლექსიკონში წარმოდგენილია მომიჯნავე დისციპლინების (ეპიდემიოლოგია, ინფექტოლოგია, ციტოგენეტიკა, ციტოლოგია, ბიოქიმია, პარაზიტოლოგია და ა.შ.) ზოგიერთი ტერმინი, ცნება თუ სიტყვათა კომბინაცია, რომლებიც უკვე დაინერგა ან ინერგება მედიცინაში და რომელთა ცოდნა სასურველია (ზოგჯერ აუცილებელიც კი) თანამედროვე ექიმისათვის. გარდა ზოგიერთი ინფექციური დაავადების ეტიოლოგიური აგენტების ბიოლოგიური თავისებურებების აღწერისა, ლექსიკონში მოცემულია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების კლინიკის მოკლე ანალიზიც.
წინამდებარე ნაშრომში ტერმინები შესულია მედიცინაში მათი პრაქტიკული მნიშვნელობის მიხედვით. მასში ჩართულია მედიცინის ყველა დარგის ჩვენი შეხედულებით უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ტერმინები და ცნებები, დაავადებათა, გამომწვევ აგენტთა სახელწოდებები და მოკლე დახასიათება, აგრეთვე გადამტანების (სისხლისმწოველი ფეხსახსრიანები), რეზერვუარული მასპინძლების, ზოგიერთი სამკურნალო მცენარის ჩამონათვალი და ძირითადი მახასიათებლები.
წინამდებარე ლექსიკონი ოთხენოვანია (ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური), შეიცავს სამედიცინო სამყაროში 5394 ყველაზე უფრო გავრცელებულ ცნებას, სიტყვათა კომბინაციას და ტერმინს. ფრჩხილებში მოყვანილია მათი ეტიმონი, შემდეგ მოკლე განმარტება. ლათინურ ტერმინთა ახსნისას ზოგჯერ არ გვაქვს მითითებული მათი წარმომავლობა. ლექსიკონში შევიდა მხოლოდ ყველაზე უფრო გავრცელებული სინონიმები.
ლექსიკონის სპეციფიკურობის გამო, ტერმინები და ცნებები ზოგჯერ დალაგებული გვაქვს ინვერსიით, შებრუნებითი წყობით (ბუდობრივად). ასეთი ტერმინები და ცნებებია: აბსცესი, ავადმყოფობა, ანთება, ანემია, არითმია, ვირუსი, იმპლანტაცია, იმუნიტეტი, ინფექცია, კარცინომა, კიბო, ლეიკემია, მას პინძელი, მედიცინა, რეაქცია, სიმპტომი, ფაქტორი, ცხელება და სხვ. (მაგ., აბსცესი ქრონიკული).
წლების მანძილზე ზოგიერთი ტერმინი და ცნება სწრაფად იცვლება, ძველდება, იძენს ახალ შინაარსს და მოითხოვს შევსებას და არსებით გადამუშავებას მეცნიერების უახლესი მონაცემების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გააზრებული გვაქვს დასახული მიზნის შესრულების მთელი სირთულე. ნებისმიერ შენიშვნას, წინადადებას და ა.შ. მადლიერების გრძნობით მივიღებთ.
ლექსიკონი გათვალისწინებულია მედიცინის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.