შემდგენელი
რედაქტორები:
რეცენზენტები:
შ ე მ დ გ ე ნ ლ ი ს ა გ ა ნ
წინამდებარე ლექსიკონი საცნობარო-ტერმინოლოგიური ხასიათისაა. მისი ძირითადი მიზანია, მოკლე ფორმით იქნეს გადმოცემული არაორგანული მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ტერმინთა ცნებების განმარტება. ამავე დროს ტერმინებზე დართული რუსულ-ინგლისური შესატყვისები სპეციალისტებთან ერთად მკითხველთა და მთარგმნელთა ფართო წრის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
ნაშრომში ტრადიციულ, ქართულ, ტერმინთა გვერდით ვხვდებით ინტერნაციონალურ, ე.წ. ნასესხებ ტერმინებს რომელთა უმრავლესობა ქართული ენის სტრუქტურულ ჩარჩოებშია მოქცეული. ლექსიკონში შესწორებულია ენობრივი თვალსაზრისით, არასწორად მაორიენტირებელი ტერმინები, მაგ.: `მოწვა~, `ჭედადი~ თუჯი და სხვ. ჩვენ მიერ მოწოდებული ტერმინები საგანზე (პროცესზე) ზუსტ წარმოდგენას იძლევა და საგანსა და ცნებას შორის სიმეტრიულ ურთიერთობას ასახავს.
მეცნიერების განვითარება ახალ-ახალ ცნებებს ქმნის, რომელთა გამოსახატავად ადეკვატური ახალი ტერმინებია საჭირო. თანამედროვე ქართული ენის ინტენსიურმა ურთიერთობამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და გაცხოველებულმა მთარგმნელობითმა მუშაობამ განაპირობა დღევანდელ ქართულ ლექსიკაში უცხო ტერმინთა უჩვეულო მოზღვავება. უახლეს ცნებათა გამომხატველი ქართული შესატყვისების (ენის შესაძლებლობის ფარგლებში) მოძიება და მეტყველებაში მათი დამკვიდრება საშური საქმეა.
სამეტყველო ენაში უცხო ენების სწრაფი ტემპით ექსპანსიას ზოგჯერ სავალალო შედეგი მოჰყვება. ამიტომ ენის სიწმინდის დაცვის საკითხში დაგვიანება არ გვმართებს. ენა ერის კუთვნილებას წარმოადგენს, იგი მისი სულიერების ისტორიული მემატიანე და მომავლის ორიენტირია. ამასთან ერთად, ენა ეროვნული თვითშეგნების ძირითადი წყარო, ერის კულტურისა და განვითარების დონის უტყუარი მაჩვენებელია. ენის ღირსების დაცვას ხალხი და მთავრობა საკადრისად უნდა ეპყრობოდეს. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ამ საქმეს სათანადო დონეზე გამოცემული ლექსიკონებიც ემსახურება.
ლექსიკონზე მუშაობისას მრავალ გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდები, მაგრამ შეგნება იმისა, რომ მოკრძალებულ, მაგრამ სასარგებლო ეროვნულ საქმეს ემსახურები, ძალასა და ენერგიას გიორმაგებს. ანალოგიური პასუხისმგებლობით მუშაობდნენ ლექსიკონზე რედაქტორებიცა და რეცენზენტებიც. დიდი მადლობა მათ გამოვლენილი პროფესიონალიზმის, პრინციპულობისა და უანგაროდ გაწეული შრომისათვის. მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ამ საქმეში მხარში გვედგა _ ქალბატონებს ნანა სიმონიშვილს და ნინო ალხაზაშვილს, ბატონ მერაბ რატიშვილს ასევე ენათმეცნიერებს: მარინე ოსაძეს, ნინო დათეშიძეს, ნათელა მუზაშვილს, ლია ქაროსანიძესა და
შუქია აფრიდონიძეს. უნდა აღინიშნოს ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენლების_ბატონების გიორგი თავაძისა და დავით სახვაძის დამსახურებაც. მათ სწორად შეაფასეს ლექსიკონის მნიშვნელობა და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად ლექსიკონის გამოცემა უზრუნველყვეს. ეს ლექსიკონი სხვა სიკეთესთან ერთად მომავალ თაობას იმაზეც მიანიშნებს, რომ მე_20 საუკუნის საქართველოში დიდი მეტალურგიის განვითარებულ სამრეწველო საწარმოებთან ერთად არაორგანული მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის მიმართულებით დიდი მასშტაბებისა და მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა. არაორგანული მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი პირველად გამოდის და მასში შესაძლებელია აღმოჩნდეს უზუსტობანი, რაც ამ ხასიათის ნაშრომისათვის თითქმის გარდაუვალია. ამიტომ შემდგენელი მადლობელი იქნება ყველა მოწოდებული წინადადებისა და შენიშვნისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს ლექსიკონის ხარისხის გაუმჯობესებას.
ომარ შურაძე
ლექსიკონით სარგებლობის შესახებ
მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან: ძირითადი ტერმინოლოგიური და დამხმარე_უცხო ენებზე საძიებლებისაგან.ძირითად ნაწილში მოცემულია: ტერმინი, ტერმინის განმარტება ქართულ ენაზე და მისი შესატყვისები რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ლექსიკონის ამოცანების შესაბამისად მასში განხილულია მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ძირითადი ტერმინები, რომლებიც მუქი შრიფტითაა წარმოდგენილი. სტატიები ლექსიკონში ანბანთრიგზეა განლაგებული და აქვს გამჭოლი ნომერაცია. მიღებულია ანბანურ-ბუდობრივი სისტემა. ე. ი. ერთი სიტყვისაგან შედგენილი ტერმინი და ბუდის წამყვანი სიტყვები ერთ ანბანურ რიგშია განთავსებული. ორ ან მეტსიტყვიანი შესიტყვებები არსებითი სახელის სახელობითი ბრუნვის ფორმასთან ჯგუფდება და ბუდეს ქმნის. შეერთებული სიტყვები ბუდეში ანბანთრიგის მიხედვით შემდეგი თანმიმდევრობითაა განლაგებული: წამყვანი ტერმინი გამოდის ბუდის თავში, ბუდეში მოცემულია მისი საწყისი ასო წერტილით და ანბანთრიგში იგი მხედველობაში არ მიიღება. ინვერსიის გამო(სიტყვები დახრილი ხაზითაა გამოყოფილი) შესიტყვებებში ტერმინი პირდაპირ იკითხება.
მაგ. ბზარი ბ/ამოჭმის წაიკითხება, როგორც ამოჭმის ბზარი.
ბ/ბეწვა წაიკითხება, როგორც ბეწვა ბზარი.
დეფისით ან ტირეთი გამოყოფილი ტერმინები განიხილება, როგორც კომპოზიტი და საერთო ანბანთრიგშია განლაგებული.
ანბანთრიგში მხედველობაში არ მიიღება განსასაზღვრავი ტერმინის წინ დასმული ბერძნული ან ლათინური ასოები.
მაგ.: ფაზა
α _ფაზა
ტერმინთან ზოგჯერ( მრგვალ ფრჩხილებში) მოცემულია მინიშნებები. განმარტებები წარმოდგენილია შეძლებისდაგვარად მოკლედ. იმ შემთხვევაში, როცა სიტყვას ან წყობას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს ისინი გაერთიანებულია ერთ სტატიაში და ერთმანეთისაგან არაბული ციფრებითაა გამოყოფილი.
მაგ. ატმოსფერო 1. აირული გარემო, რომელშიც ნაკეთობის დამუშავება ხდება. 2.გარემომცველი გარემო. თუ სხვა ტერმინის განმარტების ტექსტში გვხვდება მსგავსი პოლისემიური სიტყვა, მაშინ მას შესაბამისი მნიშვნელობით არაბული ციფრი ფრჩხილებში მიეწერება
სინონიმები ლექსიკონში მოცემულია უფრო გავრცელებულ ტერმინზე მიგზავნით _ იხ. ტერმინი _ აბრევიატურები და ტერმინების მოკლე ფორმები საერთო ანბანთრიგითაა წარმოდგენილი.